» Vannie Pooh «

» დროს ვერ ვხედავ, ვეღარც ვამჩნევ, ჩუმად ლპება, იღუპება. «

დრო…


ნიცშეს არ უყვარდა, როცა გვერდი-გვერდ აყენებდნენ გოეთესა და შილერის სახელებს. ჩვენ დავძენთ, რომ ასეთივე უპატივცემულობაა სივრცისა და დროის გაერთიანება, მით უმეტეს, რომ ჩვენ შეგვიძლია აბსტრაჰირება მხოლოდ სივრცისაგან და არა დროისაგან.
დავუშვათ, რომ ხუთი გრძნობის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი. დაე, იყოს ეს სმენა. მაშინ გაქრება მხედველობითი სამყარო, ანუ გაქრებიან ცის თაღი, ვარსკვლავები… რაკი დავკარგავთ შეხების გრძნობას, გაუჩინარდება არასწორი, გლუვი, ხორკლიანი. თუკი ჩვენ დავკარგავთ, ასევე, ყნოსვასა და გემოს, დაიკარგება ენასა და ცხვირში ლოკაზილებული შეგრძნებანი. დარჩება მხოლოდ სმენა. მაშინ ჩვენ წინაშე წარმოსდგება უსივრცო სამყარო. ინდივიდუალობათა სამყარო; ინდივიდუალობათა, რომელთაც შეუძლიათ ერთიმეორესთან ურთიერთობა. შესაძლოა, ისინი არიან ათასები, შესაძლოა – მილიონები და ისინი ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიან სიტყვების საშუალებით (არაფერი არ უშლით მათ ხელს, გამოიგონონ ისეთივე რთული ენა, როგორიც ჩვენია, ანუ ფრო რთულიც) და მუსიკის საშუალებით. ეს იქნება სამყარო, რომელშიც არსებობენ მხოლოდ ცალკეული ცნობიერებანი და მუსიკა. აქვე შევნიშნავთ, რომ, მართალია, მუსიკისათვის საჭიროა მუსიკალური ინსტრუმენტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გარეშე არ არსებობს მუსიკა. ინსტრუმენტები აუცილებელია მხოლოდ მუსიკის შესრულებისათვის. გავიხსენოთ რომელიმე პარტიტურა, ჩვენ შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ მისი ჟღერა ინსტრუმენტების გარეშე, პიანინოს, ვიოლინოების, ფლეიტის გარეშე…
და ეს სამყარო, ინდივიდუალობებისა და მუსიკისაგან შემდგარი, ჩვენსაზე ღარიბი როდია. როგორც შოპენჰაუერმა თქვა, მუსიკა არ წარმოადგენს სამყაროსათვის რაიმე გარეშეს, თავად მუსიკაა სამყარო. ამ სამყაროში ჩვენ ყოველთვის გვექნება დრო, რადგან დრო – ეს თანმიმდევრობაა. დაე, თითოეულმა ჩვენგანმა წარმოიდგინოს, რომ იგი აღმოჩნდა ბნელ ოთახში. მაშინ გაუჩინარდება ხილული სამყარო, გაუჩინარდება სხეული. ჩვენ ხომ ასე ხშირად არ ვგრძნობთ საკუთარ სხეულს! მაგალითად, ახლა, მხოლოდ ახლა, მაგიდას რომ შევეხე ხელით, მე შევიგრძენი მაგიდა და ხელი. მაგრამ რაღაც უნდა ხდებოდეს. რა? შესაძლოა, აღქმა, შეგრძნება ან, უბრალოდ, მოგონება და წარმოდგენა. მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდება. მე მახსენდება ტენისონის მშვენიერი სტრიქონი მისი ერთი ადრეული ლექსიდან:
“დრო, მოჩქრიალე შუაღამისას”. როგორი პოეტური სახეა: მთელ სამყაროს სძინავს, დროის უხმაურო მდინარე კი (ეს მეტაფორა გარდუვალია) ნაკადებად მიედინება დედამიწაზე, მიწის ქვეშ, ვარსკვლავთაშორის სივრცეში.
ამგვარად, დრო წარმოადგენს არსისეულ პრობლემას. ამით იმის თქმა მინდა, რომ დროისაგან ჩვენ არ შეგვიძლია აბსტრაჰირება, ჩვენი ცნობიერება ნიადაგ გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში, და სორედ ესაა დრო: თანმიმდევრობა. ვგონებ, ანრი ბერგსონმა თქვა, რომ წარმოადგენს მეტაფიზიკის მთავარ პრობლემას. ეს პრობლემა რომ გაგვერკვია, ჩვენ გავარკვევდით ყველა გამოცანას, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ გვემუქრება. ჩვენ მუდამ ამოხსნის წყურვიი გვექნება. ჩვენ ყოველთვის შეგვეძლება, წმინდა ავგუსტინეს კვალდაკვალ ვთქვათ: \”რა არის დრო? სანამ არ უკითხავთ, მე ეს ვიცი, ხოლო როცა მეკითხებიან, ვიბნევი\”.
არ ვიცი, რამდენად წინ წავიწიეთ დროის პრობლემის გადაწყვეტა-გადაჭრის საქმეში ოცი-ოცდაათი საუკუნის ფიქრის შემდეგ. მაგრამ ჩვენ ახლაც განვიცდით იმ ძველ შეცბუნებას, ოდესღაც ჰერაკლიტე რომ მოიცვა. მე კვლავ და კვლავ ვუბრუნდები მის გამონათქვამს: ვერავინ ვერ შევა ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში. რატომ ვერავინ ვერასოდეს ვერ შევა ერთსა და იმავე მდინარეში? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მდინარის წყალი მედინია. მეორეც – და ეს მეტაფიზიკურად გვეხება ჩვენ, რაღაც წმინდა საზარლობის მაგვარს რომ აღვიძებს, – იმიტომ, რომ თავად ჩვენც მდინარის მსგავსნი ვართ, ჩვენც ისეთივე მედინნი ვართ.
სწორედ ამაში მდგომარეობს დროის პრობლემა. ეს მედინობის პრობლემაა: დრო მიდის. მე მახსენდება პუალოს მშვენიერი ლექსი: დრო გადის იმ მომენტში, როდესაც რაღაც უკვე შორსაა ჩემგან. ჩემი აწმყო – ანუ ის, რაც იყო ჩემი აწმყო, – უკვე წარსულად იქცა, მაგრამ წარმავალი დრო პირწმინდად არ იკარგება. მაგალითად, ჩვენ ვსუბრობდით გასულ ხუთშაბათს. შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ ვიქეცით სხვებად; ერთი კვირის განმავლობაში ხომ უამრავი სხვადასხვა მოვლენა გადაგვხდა თავს. მაგრამ ჩვენ მაინც იგივენი ვართ. მე ვიცი, რომ აქ გამოვდიოდი, რომ ვცდილობდი, გადმომეცა საკუთარი შეხედულებანი, თქვენ კი, ალბათ, გახსოვთ, როგორ მისმენდით გასულ კვირას. ყოველ შემთხვევაში, ეს რჩება მეხსიერებაში. მეხსიერება ინდივიდუალურია. ჩვენ მრავალწილად შევდგებით ჩვენი მეხსიერებისაგან.
ხოლო მეხსიერება მნიშვნელოვანწილად შედგება დავიწყებისაგან.
ამგვარად, ჩვენ დავაყენეთ დროის პრობლემა. შესაძლოა, ჩვენ ახლა ვერ გადავჭრათ ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევადაროთ შემოთავაზებული გადაწყვეტანი. მათ შორის ყველაზე ძველი ეკუთვნის პლატონს, რომლისგანაც იგი ისესხა პლოტინმა, ხოლო შემდგომ – წმინდა ავგუსტინემაც. ეს იდეა ადამიანის ერთი ყველაზე უმშვენიერეს გამონაგონთაგანია. მე მგონია, სწორედ ადამიანისა, მაგრამ თუკი თქვენ რელიგიოზურნი ხართ, ალბათ, სხვაგვარად ფიქრობთ. ეს მშვენიერი გამოგონებაა – მარადიულობა. რა არის მარადიულობა? მარადიულობა ყველა ჩვენი \”გუშინის\” ჯამი არაა. მარადიულობა ეს ყველა ჩვენი \”გუშინიაა\”, ყველა გონიერი არსების ყველა \”გუშინაა\”, მთელი წარსული, მთელი, ვინ უწყის, როდის დაწყებული წარსული და აწმყო, წამი, რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს ყველა ქალაქს, ყველა სამყაროს, პლანეტათაშორის სივრცეს. და ბოლოს, მომავალი, ჯერ არქმნილი, მაგრამ ისიც დროში არსებული.
თეოლოგები მარადისობას წამად თვლიან, რომელშიც გასაოცრად გაერთიანებულია ეს სხვადასხვა დროები. ვისარგებლოთ პლოტინის სიტყვებით, რომელმაც ღრმად შეიცნო დროის პრობლემა. პლოტინი ამბობს: არსებობს სამი დრო, და სამივე აწმყოა. ერთი – უშუალოდ აწმყოა, წამია, როცა ვლაპარაკობ, ანუ წამი, როცა მე ვლაპარაკობდი. ეს წამი ხომ უკვე წარსულს ჩაბარდა. მეორეა წარსულის აწმყო, იგი მეხსიერებად იწოდება. და მესამე – მომავლის აწმყო, ის, რაც წარმოუდგებათ ჩვენს იმედებსა და შიშებს.
ახლა კი გადავიდეთ იმ ახსნაზე, რომელიც მოგვცა პლატონმა; იგი თვითნებური მოეჩვენება კაცს, მაგრამ მე იმედი მაქვს, დაგანახვოთ, რომ ეს ასე არაა. პლატონი ამბობდა, რომ დრო მარადისობის მედინი სახეა. იგი იწყებს მარადისობიდან, მარადიული არსებიდან, რომელსაც სურვილი აქვს, აირეკლოს სხვა არსებებში, მაგრამ მარადისობაში ეს შეუძლებელია. არეკვლა უნდა მოხდეს თანმიმდევრობით, დრო ხდება მარადისობის მედინი სახე. როგორც დიდმა ინგლისელმა მეტაფიზიკოსმა უილიამ ბლეიკმა თქვა, \”დრო მარადისობის ნიჭია\”. ჩვენ რომ მოგვნიჭებოდა მთელი ყოფიერება!.. ყოფიერება მეტია ქვეყანაზე, მეტია სამყაროზე. ჩვენთვის რომ თუნდაც ერთხელ ეჩვენებინათ მთელი ყოფიერება, ჩვენ გავისრისებოდით, მოვტყდებოდით, გავნადგურდებოდით. ჩვენ დავიღუპებოდით. დრო მარადიულობის საბოძვარია. მარადიულობა ჩვენ ნებას გვთრავს, ვიცხოვროთ თანმიმდევრობებში, ჩვენ გვაქვს დღეები და ღამეები, საათები და წუთები, ჩვენ გვაქვს მეხსიერება, გვაქვს ამწუთისმიერი შეგრძნებები, და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მომავალი; მომავალი, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ, მაგრამ წინასწარ ვგრძნობთ ან გვეშინია.
ეს ყოველივე ჩვენ მოცემული გვაქვს თანმიმდევრობაში, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავუძლებდით სამყაროს ერთიანი ყოფიერების უზომო სიმძიმეს. ამგვარად, დრო იქცევა ჩვენთვის მარადისობის ნიჭად. მარადისობა ჩვენ ნებას გვთავს, ვიცხოვროთ თანმიმდევრობაში. შოპენჰაუერმა თქვა, რომ ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენი ცხოვრება იყოფა დღეებად და ღამეებად, ფხიზლობა წყდება ძილით. ჩვენ ვდგებით დილით, გაგვყავს დღე, მერე კი ვიძინებთ. ძილი რომ არ არსებულიყო, სიცოცხლე აუტანელი იქნებოდა. ჩვენ არ ვიქნებოდით ჩვენივე სიამოვნებათა ბატონ-პატრონნი. ყოფიერების მთლიანობა ჩვენთვის გაუსაძლისია. ამიტომ ყოველივე, რაც ჩვენ გვეძლევა, გვეძლევა თანდათანობით.
მსგავს იდეებს უკავშირდება სულთა გადასახლების კონცეფცია. შესაძლოა, პანთეისტებს თუ დავუჯერებთ, ჩვენ განზავებულნი ვართ ყველა მინერალში, ყველა მცენარეში, ყველა ცხოველში, ყველა ადამიანში. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ ეს არ ვიცით. საბედნიეროდ, ჩვენ გვწამს ინდივიდუალობა. და ჩვენ რომ მოტყუებულნი არ ვყოფილიყავით, ეს მთლიანობა ჩვენ გავსრესდა.
გადავიდეთ წმინდა ავგუსტინეზე. ვფიქრობ, არავის შეუგრძნია დროის პრობლემა მასავით ძლიერად. წმინდა ავგუსტინე ამბობს, რომ მის სულს სწყურია შეიცნოს, რა არის დრო. იგი ევედრება ღმერთს, გასცეს ამ კითხვაზე პასუხი. არა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია სხვაგვარად ცხოვრება. ეს იქცა მისთვის არსისეულ კითხვად; იმად, რასაც მოგვიანებით ბერგსონი მეტაფიზიკის ძირეულ პრობლემას უწოდებს. ყოველივე ამაზე გზნებით ლაპარაკობს წმინდა ავგუსტინე.
ახლა, დროის შესახებ მსჯელობისას, გავიხსენოთ მაგალითი, რომელიც ძალზე უბრალოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, – ძენონის ერთ პარადოქსთაგანი. ძენონი თავის პარადოქსებს სივრცეს უსადაგებს, ჩვენ კი გამოვიყენოთ დროის მიმართ. ავიღოთ მათ შორის ყველაზე უბრალო პარადოქსი, ანუ აპორია მოძრავის შესახებ. მოძრავი საგანი იმყოფება მაგიდის ერთ წერტილში და უნდა მოხვდეს მეორეში. თავდაპირველად მისთვის საჭიროა ნახევარი გზის დაფარვა, მაგრამ მანამდე – ნახევრის ნახევრის გადაკვეთა, და უფრო ადრე – ნახევრის ნახევრის ნახევრისა, და ასე, უსასრულოდ. ძენონის მიხედვით, მოძრავი საგანი არასოდეს გადაინაცვლებს მაგიდსი ერთი კიდიდან მეორეზე. და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია, მივმართოთ მაგალითს გეომეტრიიდან. გეომეტრიაში მოიგონეს წერტილი. მიაჩნიათ, რომ წერტილს არა აქვს არავითარი სიგრძე. თუკი ჩვენ ავიღებთ წერტილთა უსასრულო თანმიმდევრობას, მაშინ ეს იქნება ხაზი. შემდგომ ავიღოთ ხაზთა უსაზღვრო რაოდენობა და მივიღებთ სიბრტყეს. არ ვიცი, რამდენად მისაწვდომია ეს გაგებისთვის, თუკი წერტილს არა აქვ სიგრძე, გაუგებარია, როგორ შეუძლია წერტილთა თუნდაც უსაზღვრო რიცხვის ჯამს მოგვცეს გაბმული ხაზი. ხაზზე საუბრისას, მე მხედველობაში არა მაქვს მიწის ამ წერტილის მთვარესთან შემაერთებელი წრფე, მე ვფიქრობ, მაგალითად, ამ მაგიდის ხაზზე, რომელსაც ვეხები. მასში ასევე წერტილთა უსასრულო რაოდენობაა. ყოველივე ამისთვის იყო შამოთავაზებული განმარტება.
ბერტრან რასელი ამას ასე ხსნის: არსებობს ფინიტური სიმრავლე (რიცვთა ნატურალური მწკრივი – 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, და ასე უსასრულობამდე). განვიხილოთ ახლა სხვა თანმიმდევრობა, სიგრძით ორჯერ ნაკლები პირველზე. იგი შედგება ლუწი რიცხვებისაგან. მაშინ 1 შეესაბამება 2-ს, 2 – 4-ს, 3 – 6-ს… ახლა ავიღოთ კიდევ ერთი თანმიმდევრობა. ავირჩიოთ ნებისმიერი რიცხვი, მაგ., 365. დაე, ახლა 1 შეესაბამებოდეს 365, 2 – 365-ს კვადრატში, 3 – 365-ს კუბში… ჩვენ მივიღებთ რიცხვთა რამოდენიმე უსასრულო თანმიმდევრობას. და აი, მსგავს ტრანსფინიტურ სიმარვლეებშ ნაწილები მთელზე ნაკლები არაა. რამდენააც ჩვენთვის ცნობილია, ეს იდეები მიღებულ იქნა მათემატიკოსთა მიერ, მაგრამ მე არ მესმის, როგორ შეიძლება დაუჯეროს მათ ჩვენმა წარმოსახვამ.
ავიღოთ ეს წამი. რას ნიშნავს ეს წამი? ესაა წამი, რომელშიც არიან ცოტა წარსული და ცოტა მომავალი. აწმყო თავისთავად მსგავსია გეომეტრიული ფინიტური წერტილისა. აწმყო თავისთავად არ არსებობს. იგი არ წარმოადგენს ჩვენი ცნობიერების უშუალო აღქმას. ამგვარად, ჩვენ გვაქვს აწმყო, რომელიც ნიადაგ ხან წარსულად იქცევა ხან – მომავლად. არსებობს ორი შეხედულება დროზე. თანახმად ერთი მათგანისა, რომელსაც, მე ვფიქრობ, ყველანი ვიზიარებთ, დრო მდინარეა, ჩვენკენ რომ მოედინება თავისი მიუწვდომელი საწყისიდან. სხვაგვარად უყურებს დროს ინგლისელი მეტაფიზიკოსი ჯეიმს ბრედლი. ბრედლი ამბობს, რომ ხდება სწორედ საპირისპირო რამ, რომ დრო მოედინება მომავლიდან აწმყოსაკენ, ხოლო ის მომენტი, რომელშიც მომავალი იქცევა წარსულად, არის კიდეც ის, რასაც ჩვენ აწმყოს ვეძახით. ჩვენ შეგვიძლია, ავირჩიოთ ორი მეტაფორიდან ერთ-ერთი. ჩვენ შეგვიძლია, მოვათავსოთ დროის მდინარის სათავე მომავალში ან წარსულში. ეს სულ ერთია. ორივე შემთხვევაში მდინარე მედინი იქნება. მაგრამ როგორ გადავჭრათ დროის წარმოშობის პრობლემა? პლატონმა მოგვცა ამგვარი პასუხი: დრო მარადისობაში იღებს დასაბამს. თუმცაღა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარადისობა წინ უსწრებს დროს. თუკი იტყვი, წინ უსწრებსო, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მარადისობა შეეფარდება დროს?! შეცდომაა, აგრეთვე, არისტოტელეს კვალობაზე ფიქრი იმის შესახებ, რომ დრო მოძრაობის საზომია, იმიტომ რომ მოძრაობა ხორციელდება დროში და არ შეუძლია მისი განმარტება. წმინდა ავგუსტინემ ერთხელ მშვენივრად თქვა: \”დროში კი არ შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა, არამედ მათ მიუბოძა დრო\”. შესაქმის წიგნის პირველი სტრიქონები ეხება არა მარტო სამყაროს შექმნას, არამედ როის დაწყებასაც. ადრე დრო არ იყო. სამყარომ დაიწყო არსებობა, დაჯილდოებულმა დროით, და მას შემდეგ მასში ყოველივე თანმიმდევრობით ხდება.
არ ვიცი, დაგვეხმარება თუ არა ტრანსფინიტურ სიმრავლეთა იდეა, რომელიც ეს-ესაა განვმარტე. არ ვიცი, შეეჩვევა თუ არა ამ იდეას ჩემი წარმოსახვა, არ ვიცი, შეეჩვევა თუ არა მათ თქვენი წარმოსახვა. სიმრავლეთა იდეას, რომელთა ნაწილებიც მთელის ტოლნი იქნებოდნენ. ნატურალურ რიცხვთა თანმიმდევრობაზე ლაპარაკისას, ჩვენ გვესმის, რომ ლუწ რიცხთვა რაოდენობა უდრის კენტ რიცხვთა რაოდენობას, და იგი უსაზღვროა. ჩვენ გვესმის, რომ 365-ის ხარისხთა რაოდენობა ტოლია ნატურალურ რიცხვთა რაოდენობისა.
რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს იდეა დროის ორი მომენტის მიმართ? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ იგი 7 და 4 წუთის მიმართ, 7 და 5 წუთის მიმართ? ძნელი დასაჯერებელია წამთა უსასრულო ტრანსფინიტური თანმიმდევრობა.
თუმცა ბერტრან რასელს სურს, რომ ჩვენ ეს სწორედ ასე წარმოვიდგინოთ.
ბიორჰემმა თქვა, რომ ძენონის პარადოქსები დაფუძნებულია დროის სივრცესთან მსგავსებაზე; რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთიანი სიცოცხლისეული სწრაფვა-აღტკინება. ასე, მაგალითად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ იმ დროის მანძილზე, აქილევსი მეტრს რომ გაირბენს, კუ გაირბენს დეციმეტრს, იმიტომ, რომ ამგვარი მსჯელობისას აქილევსი ჯერ გარბის ფართო ნაბიჯებით, ხოლო მერე – კუს ნაბიჯებით. ანუ ჩვენ ვიყენებთ დროისათვის სივრცისეულ საზომს. განვიხილოთ დროის ხუთწუთიანი მონაკვეთი. ხუთი წუთი რომ გავიდეს, აუცილებელია, გავიდეს ორ-ნახევარი წუთი, მისი ნახევარი, ხოლო ამისათვის უნდა გავიდეს ორ-ნახევრის ნახევარიც. ეს ნახევარი რომ გავიდეს, უნდა გავიდეს ნახევრის ნახევარიც და ასე, უსასრულოდ. ხუთი წუთი არასოდეს არ მთავრდება. ამგვარად, ანალოგიური შედეგით გამოიყენება დროისათვის ძენონის აპორიები.
ავიღოთ ასევე ისრის მაგალითი. ძენონი ამბობდა, რომ ისარი ფრენისას ყოველ წამში უძრავადაა. ე.ი. მოძრაობა შეუძლებელია: უძრაობათა ჯამს ხომ არ შეუძლია, მოვგცეს მოძრაობა.
მაგრამ თუკი ჩვენ ჩავთვლით სივრცეს რეალურად არსებულად, მაშინ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, დავყოთ იგი წერტილებამდე, თუნდაც გაყოფის პროცესი უსასრულო იყოს. თუკი დავუშვებთ, რომ დრო რეალურად არსებობს, მაშინ შეიძლება მისი დაყოფა წამებად, წამების წამებად დასე შემდეგ.
თუკი სამყაროს ჩვენი წარმოდგენის ქმნილებად ჩავთვლიდით – ვირწმუნებდით, რომ თითოეული ჩვენგანი თავის ოცნება-ზმანებაში ქმნის თავის სამყაროს, – ჩვენ შეგვეძლო, დაგვეშვა, რომ ჩვენი აზროვნება მოძრაობს ერთი აზრიდან მეორისაკენ, და ქვედაყოფანი, რომლის შესახებაც ზემოთ იყო ლაპარაკი, არ არსებობს. არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ შევიგრძნობთ, მხოლოდ ჩვენი ემოციები, ჩვენი წარმოსახვა. ეს ქვედაყოფა ნამდივლი კი არა, წარმოსახულია. მაგრამ არსებობს საზოგადოდ მიღებული სხვა თვალსაზრისიც, რომელც მდგომარეობს დროის მთლიანობად წარმოდგენაში. იგი ნიუტონმა განამტკიცა თავისი ავტორიტეტით, თუმცა ნიუტონამდე დიდი ხნით ადრე იყო მიღებული. როცა ნიუტონი ლაპარაკობს მათემატიკურ დროზე – ერთადერთ დროზე, რომელიც მიედინება სამყაროში, – მას მხედველობაში აქვს ის დრო, რომელიც ახლაც ერთფეროვნად მიიზლაზნება სიცარიელეში, ვარსკვლავთაშორის სივრცეში. მაგრამ ინგლისელმა მეტაფიზიკოსმა ბრედლიმ განაცხადა, რომ ჩვენ არა გვაქვს არავითარი საფუძველი, რომ ამას ასე მივიჩნევდეთ.
შეიძლება დავუშვათ, რომ არსებობს სხვადასხვა დროითი თანმიმდევრობანი, ერთიმეორეს რომ არ შესაბამება, – წერდა იგი. ავიღოთ ერთი მათგანი და აღვნიშნოთ: ა, ბ, ც, დ, ე, ფ… მისი წევრები შეეფარდება ერთიმეორეს: ერთი მისდევს მეორეს, ერთი მისდეს მეორეს სხვის წინ, ერთი მეორის თანადროულია. ჩვენ შეგვეძლო, მოგვეფიქრებინა სხვა თანმიმდევრობაც: ალფა, ბეტა, გამა… შეიძლება, მოვიფიქროთ ბევრი სხვა თანმიმდევრობანიც.
რატომ მივიჩნევთ დროს ერთადერთ თანმიმდევრობად? არ ვიცი, მისაწვდომია თუ არა ჩვენი წარმოსახვისთვის იდეა, რომ არსებობს უამრავი დრო და რომ ეს დროითი თანმიმდევრობანი არ შეესატყვისება ერთიმეორეს, თუმცა მათი წევრები, რასაკვირველია, მიჰყვება ერთმანეთს, მიჰყვება სხვათა წინ და მიჰყვება ერთდროულად. ეს სხვადასხვა თანმიმდევრობანია. ყოველ ჩვენგა0 ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია, მივმართოთ მაგალითს 9Cდაც, ლაიბნიცი.
საქმე იმაშია, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა მოვლენათა თანმიმდევრობა და სხვა თანმიმდევრობანი შესაძლოა იყოს პარალელურიდა ურთიერთგადამკვეთი. რატომ უნდა მივიღოთ ჩვენ ეს იდეა? შესაძლოა, იგი ჭეშმარიტია, და მაშინ იგი გვიბოძებდა უფრო ფართო სამყაროს, უფრო უჩვეულოს, ვიდრე იმას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. აზრი იმის შესახებ, რომ არ არსებობს ერთიანი დრო, ვგონებ, აღქმული იყო თანამედროვე ფიზიკის მიერ, რაშიც მე ვერ ვერკვევი და არ ვიცნობ. ესაა აზრი სხვადასხვა დროთა შესახებ. რის საფუძელზე უნდა ვამტკიცოთ ჩვენ, ნიუტონის კვალობაზე, რომ არსებობს მხოლოდ ერთი დრო?
ახლა დავუბრუნდთ მარადისობის თემას, მარადისობის იდეას, რომელსაც სურს, რაღაც სახით გამოვლინდეს, და რომელიც ვლინდება დროში და სივრცეში. მარადისობა არქეტიპთა სამყაროა. ასე, მაგალითად, მარადიულობაში არ არსებობს კონკრეტული სამკუთხედები. იქ არსებობს მხოლოდ ერთი სამკუთხედი, რომელიც არ იქნება არც ტოლგვერდა, არც ტოლფერდა, არც ნაირგვერდა. ეს სამკუთხედი ერთდროულად სამივეა და არც ერთი მათგანი არ არის; ის, რომ ჩვენ არ ძალგვიძს ამ სამკუთხედის წარმოდგენა, არაფერს არ ნიშნავს. იგი არსებობს.
ან, მაგალითად, თითოეული ჩვენგანი შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის არქეტიპის რდოებით და მოკვდავ ასლად. აქ ჩვენ წინაშე დგება კიდევ ერთი პრობლემა: ყოველ ადამიანს ჰყავს თავისი პლატონური არქეტიპი? ეს აბსოლუტი ცდილობს, გამოავლინოს საკუთარი თავი, და ის ვლინდება დროში. დრო მარადისობის ხატია.
მე ვფიქრობ, ეს დაგვეხმარებოდა იმის გაგებაში, რატომაა დრო თანმიმდევრული. დრო თანმიმდევრულია იმიტომ, რომ მარადისობიდანგამოსული, მისკენვე ისწრაფვის დასაბრუნებლად. ამგვარად, მომავლის იდეა დაკავშირებულია ჩვენს სურვილთან, დავუბრუნდეთ საწყისს. ღმერთმა შექმნა ქვეყანა და მთელი ქვეყანა, მთელი შექმნილი სამყარო ისწრაფვის, დაუბრუნდეს თავის მარადიულ წყაროს, რომელიც არსებობს არა დროის შემდეგ ან დრომდე, არამედ მის საზღვრებს მიღმა. და ეს ვლინდება სიცოცხლისეულ აღტკინებაში. ჩვენ გავიგეთ, აგრეთვე, რატომ მოძრაობს დრო ნიადაგ. ზოგიერთები უარყოფენ აწმყოს. ინდოელი მეტაფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს წამი, როდესაც ნაყოფი ვარდება. ნაყოფი ეს-ესაა უნდა ჩამოვარდეს ან უკვე ძევს მიწაზე, მაგრამ არ არსებობს წამი, როდესაც იგი უნდა ვარდებოდეს.
რა პარადოქსულია, რომ სამი დროიდან, რომლებადაც ჩვენ ვყოფთ დროს, წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან, ყველაზე რთული, ყველაზე მოუხელთებელი აწმყოაღმოჩნდა! აწმყო წერტილივით მოუხელთებელია. თუკი მას ხანგრძლივობის გარეშე წარმოვიდგენთ, იგი ხომ არარსებული აღმოჩნდება. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ აწმყო, რომელშიც იქნებოდა ცოტა წარსულიდა ცოტა მომავალი. ასე შეიგრძნობა დროის სვლა. როცა მე ვლაპარაკობ დროის სვლის შესახებ, ვლაპარაკობ იმაზე, რასაც ჩვენ ყველანი ვგრძნობთ. როცა მე ვლაპარაკობ აწმყო დროზე მაშინ ვლაპარაკობ აბსტრაქტულ არსზე. აწმყო არაა ჩვენი ცნობიერების უშუალო აღქმა.
ჩვენ ვგრძნობთ, რომ რდოში მივცურავთ, ანუ, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ვმოძრაობთ მომავლიდან წარსულისაკენ ან წარსულიდან მომავლისაკენ. მაგრამ ჩვენ მოცემული არ გვაქვს დროის შეჩერება, გოეთეს კვალობაზე რომ წამოვიძახოთ: \”შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ!\” აწმყო არ ჩერდება, შეუძლებელია წმინდა აწმყოს წარმოდგენა. იგი არარა იქნებოდა. აწმყოში ყოველთვის არსებობს წარსულის ნაწილაკიდა ნაწილაკი მომავლისა. როგორც ჩანს, ეს აუცილებელია დროისათვის. ჩვენს ცხოვრებისეაულ გამოცდილებაში დრო ყოველთვის ჰერაკლიტეს დროის მსგავსია. ჩვენ ნიადაგ ვიხსენებთ ამ ძველ შედარებას, თითქოს ამდენი საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილაო, და კვლავინდებურად ვრჩებით ჰერაკლიტედ, მდინარეში თავის ანარეკლს რომ უყურებს და ფიქრობს იმაზე, რომ მდინარე მდინარე არაა, იმიტომ, რომ წყალი შეიცვალა, და თავადაც არაა ჰერაკლიტე, რადგანაც ისიც შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად უმზერდა მდინარეს. ამგვარად, ჩვენ მედინნიც ვართ და უცვლელნიც, ჩვენ ჩვენი არსით იდუმალნი ვართ. რა იქნებოდა თითოეული ჩვენგანი მეხსიერების გარეშე? ჩვენი მეხსიერება მეტწილად ნაყარნუყარისაგან შედგება, მაგრამ მასშია ადამიანის არსი. მაგალითად, ის რომ ვიყო, ვინც ვარ, ჩემთვის აუცილებელი არაა, გავიხსენო, რომ ვცხოვრობდი პალერმოში, ადროგაში, ჟენევაში, ესპანეთში, ამავე დროს, მე უნდა ვგრძნობდე, რომ მე ისეთი აღარა ვარ, როგორიც ვიყავი იმ ადგილებში; რომ მე სხვად ვიქეცი. ესაა პრობლემა, რომელაც ჩვენ ვერასოდეს გადავჭრით, – ცვალებადი იგივეობის პრობლემა. ეგებ საკმარისია, თავად სიტყვა \”ცვალება?\” თუკი ვლაპარაკობთ რამის ცვალებაზე, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ იგი სხვით იყო შეცვლილი. როცა ჩვენ ვამბობთ, მცენარე იზრდებაო, მხედველობაში არა გვაქვს, რომ მოცემული მცენარის ადგილას გაიზარდა სხვა მცენარე, მასზე დიდი. ჩვენ გვინდა, ვთქვათ, რომ ეს მცენარე სხვად იქცევა. ესაა ცვალებულში მუდმივობის იდეა.
წარმოდგენას მომავლის შესახებ უნდა დაემტკიცებინა პლატონის ძველი აზრი, რომ დრო მარადიულობის მედინი სახეა. თუკი დრო მარადისობის სახეა, მაშინ მომავალი უნდა იყოს სულის მოძრაობა მომავლისაკენ. მომავალი, თავის მხრივ, იქნება მარადისობაში დაბრუნება. მაშინ ჩვენი ცხოვრება იქცევა ყოველდღიურ აგონიად. როცა წმინდა პავლემ თქვა: \”მე ვკვდები ყოველდღე\”, – ეს არ იყო პოეტური სახე. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ყოველდღე ვკვდებით და ხელახლა ვიბადებით. ამიტომ, დრო ჩვენ უფრო მეტად გვეხება, ვიდრე სხვა მეტაფიზიკური პრობლემები, – ისინი ხომ აბსტრაქტულნი არიან! დროის პრობლემა უშუალოდ გვეხება ჩვენ, ყველას. ვინ ვარ მე? ვინ არის თითოეული ჩვენგანი? ვინ ვართ ჩვენ? შესაძლოა, ჩვენ ოდესმე ეს შევიცნოთ კიდეც. შესაძლოა – არა. ჯერჯერობით კი, როგორც თქვა წმინდა ავგუსტინემ, – ჩემს სულს სწყურია ამის შეცნობა.

Advertisements

7 responses to “დრო…

  1. axsiom მარტი 4, 2011, 11:51 PM

    ესაა პრობლემა, რომელაც ჩვენ ვერასოდეს გადავჭრით, – ცვალებადი იგივეობის პრობლემა. – ამაზე გარკვევით გვიპასუხა მაცხოვარმა: “ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შეხვალ”–ო. ყველა თეორია რაზეც საუბრობდი ზოგადად ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ყოველდღე ვიბადებით და ყოველ წამს თავიდან. პარალელური სამყაროების თეორია, პეპლის ფრთის ეფექტი– რეალურად არსებობს, უბრალოდ ამის დამტკიცებას აზრი არ ააქვს რადგან სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ აქსიომაა და მორჩა. მიყვარს შენი გადარეული ბლოგი:P

  2. შეშლილი მარტი 5, 2011, 10:15 AM

    გენიალურია!!!!!!!!!!! დღეს პირველად გავეცანი შენს ბლოგს და მივხდი რომ,ხშირი სტუმარი ვიქნებიიი 🙂

  3. »♥» ana «♥« მარტი 5, 2011, 3:49 PM

    🙂 რა საინტერესო პოსტი იყო,ვკითხულობდი და ცალკე იმაზე ფიქრი მომწონდა , რამდენად არარელური იყო ეს ყველაფერი ❤

  4. kitiashvili მარტი 9, 2011, 11:44 AM

    მშურს მე შენი :D:D ოღონდ “თეთრი” შურით :)) შენი ფანი ვარ… მართლა… ნეტავ ბევრნი იყვნენ შენნაირები :))

  5. რუსა მარტი 11, 2011, 10:45 PM

    ძალიან ბევრი პოსტი წამიკითხავს სხვადასხვა ბლოგერის,ბევრიც მომწონებია..მაგრამ…

    ეს იყო რაღაც სხვა,განსაკუთრებული,ღრმა..შთამბეჭდავი…საუკეთესო პოსტი საუკეთესოთა შორის!!!სიტყვები უძლურია ჩემი შთაბეჭდილებების გამოსახატავად…

    უკვე რამდენიმე პოსტი წავიკიტხე და მივხვდი ხშირად ვესტუმრები ამ ბლოგს…
    კიდევ ერთი ფანი.. 🙂

  6. alexander აპრილი 28, 2011, 10:35 PM

    ძალიან მაგარი იყო. აღსანიშნავი ისეაა რომ მთელი ეს ახსნა, განმარტება, აზრის წარმოება საერთოდაც არ იყო დამღლელი. მომეწონა.)))

  7. Juns მაისი 9, 2011, 11:45 PM

    კომენტარში არ დაეტევა ის ყველაფერი რისი თქმაც მინდა, პოსტის წაკითვხით კმაყოფილი ვარ : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: